07 აგვისტო 2026,   13:02
ვრცლად
განათლების რეფორმაზე პრემიერმა ვრცლად დღეს პარლამენტში ისაუბრა - რას ეფუძნება პრინციპი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი და რატომ იცვლება 4+2 სისტემა 3+1+1-ით

სტუდენტების ჭარბი კონცენტრაცია დედაქალაქში პირველია იმ 7 გამოწვევას შორის, რომელსაც უმაღლესი განათლების რეფორმამ უნდა უპასუხოს. სწორედ ამ საკითხით დაიწყო ირაკლი კობახიძემ კონცეფციაზე საუბარი. პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა პრემიერ-მინისტრმა საკუთარ მოხსენებაში ყველა იმ შეკითხვას უპასუხა, რომელიც მას დეპუტატებმა გაუგზავნეს. განმარტა, რას ეფუძნება პრინციპი - ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, და რატომ იცვლება 4+2 სისტემა, 3+1+1-ით. ახსნა ისიც, რომ რეფორმა ბოლონიის პროცესს სრულად შეესაბამება.

რეფორმის პირველი ფაზა სექტემბრამდე დასრულდება, მეორე კი 4-5 წელიწადში. ამ პერიოდში ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს ხარისხის მართვის სისტემა, სტუდენტების დაფინანსების არსებული საგრანტო მოდელი და საკადრო პოლიტიკა - სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება 10 000 ლარამდე უნდა გაიზარდოს, შეიქმნას ახალი სახელმძღვანელოები ყველა ძირითად საგანში. პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ რეფორმის მიზანია - ქართველმა სტუდენტებმა მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლება საკუთარ ქვეყანაში მიიღონ.

უმაღლესი განათლების პარალელურად, მთავრობა ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზეც მუშაობს. სწორედ ამ რეფორმას უკავშირდება 12-ის ნაცვლად 11 წლიანი სასწავლო პროგრამის შემოღება. თუმცა ცვლილება საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში ითვალისწინებს გამონაკლისებსაც. პრემიერ-მინისტრმა დღეს ამ საკითხზე იმ განცხადებების საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც, მისივე თქმით, თავიდან ბოლომდე სპეკულაციურია.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ დარბაზში დაისვა კითხვები.

პასუხების შემდეგ იყო ფრაქციების სახელით სიტყვით გამოსვლები, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები საკითხის შინაარსსაც გასცდნენ.

პოლიტიკურ დებატებს მოჰყვა პრემიერ-მინისტრის შემაჯამებელი სიტყვა. ინტერპელაციის ბოლოს ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს კიდევ ერთხელ შეახსენა რეფორმის ძირითადი მიზეზები და მთავარი მიზნები.

დღის ამბები