03 აგვისტო 2026,   08:44
ვრცლად
"ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება" - გივი მიქანაძე უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ გააკეთა განცხადება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო "საბჭო" და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესის წარმართვას უზრუნველყოფენ.

მინისტრის თქმით, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, დამატებით შეიქმნება წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა და ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას.

"ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება. მაქსიმალურად შევინარჩუნებთ აკადემიურ პერსონალს - გავწევთ ძალისხმევას, რომ მათი გამოცდილება და ცოდნა გამოყენებული იყოს როგორც სასწავლო კომპონენტში, ასევე კვლევით და სამეცნიერო საქმიანობაში. მივიღეთ არსებული ადგილების შენარჩუნების გადაწყვეტილება და არ ვამცირებთ სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტებს.

ჩვენი მიზანია, განათლების სისტემაში გამჭვირვალედ, საზოგადოების ჩართულობით, განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმები. ამის დადასტურებაა მიზნობრივ ჯგუფებთან, პირდაპირი კომუნიკაციის გზით, რეფორმით გათვალისწინებული საკითხების განხილვა, რასაც ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ", - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები