უმაღლესი განათლების რეფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებით იწყება. რეორგანიზაცია დაახლოებით 6 თვე გაგრძელდება. შეიქმნება დროებითი საბჭო, რომელიც პროცესს უხელმძღვანელებს. ორი უმაღლესი სასწავლების გაერთიანების მიუხედავად, შენარჩუნდება აკადემიური პერსონალი. ცვლილებების მიზანი განათლების სისტემის გაჯანსაღება და უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის თვისებრივი გარდაქმნაა.
გადაწყვეტილებამდე იყო კონსულტაციები აკადემიურ წრეებთან და სპეციალისტებთან. ჩატარდა ბაზრის კვლევა და ანალიზი. შედეგად გამოიკვეთა შვიდი პრობლემა. გამოწვევებზე პასუხი კი კონცეფციასა და საკანონმდებლო ინიციატივაში აისახა. სიახლეების შესახებ შიდა კონსულტაციები უკვე უნივერსიტეტის კედლებში მიზნობრივ ჯგუფებთან გაგრძელდება.
უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის განვითარების პარალელურად, გრძელდება ზოგადი განათლების რეფორმაზე მსჯელობა. კონცეფცია გაწერილია. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, პირველკლასელთა ასაკი 6 წლით განისაზღვრება. 12 წლის ნაცვლად დაინერგება 11 წლიანი სასწავლო პროგრამა. მე-12 კლასი კი მხოლოდ მოსწავლეთა მოთხოვნის საფუძველზე შეიქმნება. მეექვსე კლასის ჩათვლით, სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმის ტარება.
ცვლილებებს მიესალმებიან სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელები. ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის და რეპეტიტორიუმის დანერგვა პედაგოგების შეფასებით, სწავლის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
საკანონმდებლო ინიციატივა უკვე პარლამენტშია. საკითხი ჯერ ბიუროს სხდომაზე შემდეგ კი კომიტეტებში განიხილება. დეპუტატები ცვლილებათა პაკეტს დაჩქარებული წესით საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებენ.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრია. კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკანონმდებლო ინიციატივაში ასახულია ის პრობლემები და გადაჭრის გზები, რომელიც როგორც უმაღლესი ასევე ზოგადი განათლების სისტემაშია.