მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის შეხვედრა იწყება. საუბრის მთავარი თემა იორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი იქნება.
ირაკლი კობახიძე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით რექტორის პოზიციას მოისმენს. მანამდე შეხვედრა გაიმართა განათლების მინისტრთან, რომელზეც ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რეორგანიზაციის პროცესზე და სამუშაო ჯგუფის შექმნაზე იმსჯელეს.
"მივდივართ პრემიერ-მინისტრთან, რომელთანაც იქნება დიალოგი. რაც აქვს აკადემიურ საბჭოს გადაწყვეტილი, მას წარუდგენს საინჟინრო დარგების კლასიფიკაციას, ვესაუბრებით და შემდეგ მოგახსენებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ შეხვედრის დაწყებამდე.
"განათლება რომ რეფორმირებას საჭიროებდა, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ის, თუ რა მიმართულებით რა უნდა გაკეთდეს, სწორედ ამასთან დაკავშირებითაა დისკუსიები, ღია პლატფორმა იმისათვის, რომ მოვისმინოთ საგნობრივი განხილვა და ის კონკრეტული შემოთავაზებები, კონკრეტული გამოწვევები, რაც ამ რეფორმის აღსრულების ნაწილში უნდა იქნეს გათვალისწინებული.
განათლებამ ფუნდამენტური ცვლილებები უნდა მოახდინოს შემდგომ უკვე ჩვენი ახალგაზრდების და ქვეყნის განვითარებაში. სწორედ ამიტომ, ეს დისკუსიებიც, ეს განხილვებიც - პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის ჩართულობით, ემსახურება იმას, რომ ჩვენი რეფორმის ფარგლებში, აღსრულების კომპონენტში იყოს ყველა ძირითადი გამოწვევა გათვალისწინებული და ყველაზე მეტად იყოს დაცული ჩვენი სტუდენტებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების ინტერესი.
აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ობიექტური შეფასება უნდა მოხდეს, სუბიექტური უნდა იქნას გადადებული და იმაზე, რომ განათლება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მთავარი ქვაკუთხედი, ყველას ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით უნდა გვქონდეს დისკუსია," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი.