12 აგვისტო 2026,   08:34
ვრცლად
"საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს მოსკოვთან და აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია, მე ამას ვერ ვიგებ" - ხორვატიის პრეზიდენტი

"აბსოლუტურად გულახდილად, რომ გესაუბროთ 2025 წელს არ ყოფილა ვიზიტი ევროკავშირიდან საქართველოში -ბოდიშს ვიხდი ამ გამონათქვამისთვის, მაგრამ ეს სიგიჟეა. მე ჩამოვიდე ქვეყანაში, რომელსაც ადანაშაულებენ პრორუსულობაში, პროპუტინისტურ მიდგომებში, მე სხვა გამოცდილება მაქვს, შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს არის ქვეყანა, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს მოსკოვთან და აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია, მე ამას ვერ ვიგებ, ამიტომ გადავწყვიტე პირადად მენახა რა ხდება," - ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნახა როგორ ჩამოვიდნენ მინისტრები სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოში საპროტესტო მიტინგებში მონაწილეობისთვის ჩამოვიდნენ და ოპოზიციას შეუერთდნენ.

"მე ვნახე თბილისში მინისტრები სხვა ევროპული ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ აქ მიტინგებში მონაწილეობისთვის და ოპოზიციას შეუერთდნენ, ვფიქრობდი მე როგორ ვიგრძნობდი თავს ეს პოლიტიკოსები, რომ ჩამოსულიყვნენ ჩემს დედაქალაქში ცენტრალურ მოედანზე. ვინც არ უნდა იყვნენ, არ მაინტერესებს პოლიტიკური მხარეები საქართველოში, არცერთ მხარეზე არ უნდა დადგე. ჩემთვის მიუღებელია თვითონ იდეა, რომ წნეხს ახორციელებ მცირე, პოლიტიკურად იზოლირებული ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც სირთულე აქვს ევროკავშირთან. საქართველოს ბარიერებს უქმნიან, მორალური დილემის წინაშე აყენებენ, აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია ეს არის მორალური შანტაჟი. ისინი აშანტაჟებენ ქვეყანას, ხდება ამ ქვეყნისთვის ხელების გადაგრეხა, ამიტომ ჩამოვედი საქართველოში, რომ ეს მეთქვა.

თქვენი ქვეყანა შეუძლებელი დილემების წინაშე აღმოჩნდა, ძალიან ცინიკური გზით და როგორც ბატონმა ყაველაშვილმა თქვა, ამას აკეთებს ბრიუსელი, ევროპული ბიუროკრატია, ისინი ჩემი სახელით ვერ ილაპარაკებენ და არ მივცემ უფლებას, ხორვატიის სახელით ისაუბრონ," - განაცხადა ზორან მილანოვიჩმა.

დღის ამბები