06 ივნისი 2026,   01:38
ვრცლად
ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები 24 მილიარდი დოლარის გამო ჩიხში შევიდა და მხარეებს ფართომასშტაბიანი ომის შესახებ აფრთხილებს - CNN

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ბედი იმაზეა დამოკიდებული, დათანხმდება თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია 24 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებას. ამის შესახებ ირანის მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა და აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში, აშშ "ბნელ ჩიხში შევა".

"მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და ტრამპმა ეს ჩიხი უნდა გაარღვიოს," - განუცხადა CNN-ს თეირანში მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოჰსენ რეზაიმ, უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა. "ბურთი ახლა ტრამპის მოედანზეა".

გავრცელებული ინფორმაციით, ირანი აშშ-სთან დროებითი შეთანხმების გაფორმებისთანავე გაყინული სახსრებიდან 12 მილიარდი დოლარის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, ხოლო დარჩენილ 12 მილიარდს კი მოგვიანებით ეტაპზე.

მედიის ინფორმაციით, ამერიკელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ამ ეტაპზე თანხების ნებისმიერმა განბლოკვამ შესაძლოა ზემოქმედების მთავარი ბერკეტი დააკარგვინოთ.

ტრამპი ითხოვს, რომ ნებისმიერი ახალი შეთანხმება ბევრად უფრო მკაცრი იყოს, ვიდრე 2015 წლის ბირთვული გარიგება, და სურს თავიდან აიცილოს ყველაფერი, რაც შეიძლება აღქმულ იქნას "ფულით სავსე პალეტების" გადაცემად - ფრაზა, რომელსაც იგი ხშირად იყენებს მაშინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გადაწყვეტილების გასაკრიტიკებლად, რომელმაც თეირანს ფინანსური კომპენსაცია გადაუხადა.

რეზაიმ ისაუბრა ირანის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიმღებ წრეებში არსებულ ხედვებს ქვეყნის ომისშემდგომ მომავალზე, ჰორმუზის სრუტის ბედსა და ირანის შესაძლო მოქმედებებზე ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში.

თავად უზენაესი ლიდერი საზოგადოებაში მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც ისრაელის იმ თავდასხმისას დაშავდა, რომელსაც ომის პირველ დღეს მისი მამის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რეზაიმ გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებაზე ისაუბრა, მან ეს მოთხოვნა ნდობის აღდგენის საშუალებად დაასახელა და აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ თანხების შესაძლო განბლოკვა ირანისა და ამერიკის ურთიერთობების მომავლისთვის "ახალ ჰორიზონტს" გახსნის: "თუ მას სურს ირანთან შეთანხმების მიღწევა, ეს 24 მილიარდი დოლარი არის ნდობის ტესტი, რომლის გავლაც ირანს ტრამპთან სურს - ეს არის გამოცდა, რომელიც ამერიკამ უნდა ჩააბაროს და გზა გაიხსნება", - თქვა მან.
"ეს ჩვენი საკუთარი ფულია და არა ამერიკის".


რეზაიმ აღნიშნა, რომ თუ აშშ კონფლიქტს განაახლებს, ირანი "ომს სპარსეთის ყურის ფარგლებს გარეთ გადაიტანს" და სამხედრო ოპერაციებს ჰორმუზის სრუტიდან ინდოეთის ოკეანემდე, ბაბ-ელ-მანდების სრუტემდე, წითელ და ხმელთაშუა ზღვებამდე გააფართოებს. „ჩვენ ომს ახალ განზომილებას შევძენთ იმ სხვა ამერიკულ ბაზებზე თავდასხმით, რომლებზეც აქამდეც მიგვქონდა იერიში", - განაცხადა მან, თუმცა დასძინა, რომ "ომის ალბათობა დაბალია".

მან არ უპასუხა შეკითხვას ხამენეის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ქვეყნის მართვაში მისი როლის შესახებ, თუმცა გამორიცხა ტრამპთან მისი შეხვედრის პერსპექტივა. „ეს არ მოხდება, ახლა ჩვენ მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე ვართ და ტრამპმა პროცესი შეაჩერა. ეს არ მოხდება“. მიმდინარე კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ ის და ხამენეი „თითქოს კარგად ეწყობიან ერთმანეთს“ და რომ მისთვის „პატივი“ იქნებოდა მასთან შეხვედრა.

რეზაის თქმით, ირანი და ომანი ფლობენ სუვერენიტეტს ამ საკვანძო საზღვაო გზაზე, რომელზეც ომამდე მსოფლიო ნავთობისა და ბუნებრივი აირის ერთი მეხუთედი გადიოდა, და შესაბამისად, მის მართვას ერთობლივად განაგრძობენ. მან თავი აარიდა სრუტეში გემების გავლისთვის დაწესებული გადასახადის „ბაჟად“ მოხსენიებას და აღნიშნა, რომ ირანი ამას "მოვლა-პატრონობის საფასურს" უწოდებს, რადგან ქვეყანამ სრუტის მართვის ხარჯები მარტომ არ უნდა გაიღოს.

 

დღის ამბები