ხმების მოპარვა, ელექტორატის მოტყუება და გადაბირება - საერთო ქოლგას შეფარებული პარტიები, რომელთაც წესით, ამომრჩეველიც საერთო უნდა ჰყავდეთ, ერთმანეთს ისევ წარსულს უხსენებენ. ძველი და ახალი "ნაციონალების" ალიანსში დაპირისპირების გამწვავების ახალი მიზეზი ამჯერად, არც ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა. თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა საჯაროდ თქვეს, თუ როგორ ისაკუთრებდა სააკაშვილის ელექტორატს გვარამია-მელიას 4 ნომრიანი კოალიცია. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ნიკა გვარამიას ღიად დაეწერა დიდი ხნის ჩამოყალიბებული აზრი "ნაციონალურ მოძრაობაზე."
როგორც ჩანს, უშუალოდ გვარამიასგან გაუკვირდა. რადგან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მხოლოდ ახლა ალაპარაკდა თავდასხმაზე. ეს იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილის პარტია ოპოზიციური გაერთიანების შექმნის დღიდან დაპირისპირების ავანგარდშია. ციხიდან წერილები არც სააკაშვილს დაუკლია, თუმცა ყოფილი "ნაციონალები" ყოველთვის ამტკიცებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი შიდა პრობლემებზე მხოლოდ, საკუთარ პარტიას მიუთითებდა. იდენტური ახსნა მოუძებნა თინა ბოკუჩავამ სააკაშვილის ყოფილი ადვოკატის პოზიციას.
ძველების მხრიდან ახლების შიდა ტურბულენტობაზე მითითება უპასუხოდ არ დარჩენილა. ნიკა გვარამიამ თინა ბოკუჩავას მალევე მისცა "კეთილი რჩევა", რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ალიანსში საკუთარი ფუნქცია მოძებნოს.
რატომ რჩება "ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანებაში, სადაც სასურველი სტუმრის სტატუსიც კი არ აქვს? - საკითხზე პარტიაში აზრები იყოფა, რასაც აერთიანებს სააკაშვილის სურვილი. "ნაცმოძრაობის" წევრები არ მალავენ, რომ თავის დროზეც ლიდერის ინიციატივით შევიდნენ ალიანსში, საიდანაც, ლიდერისვე მითითებით გამოვლენ.
რჩებიან და იტანენ, რომ ალიანსის სხვა ლიდერები მათ ლიდერს მაოხრებელ გზირს და გაფარჩაკებულ მანიპულატორ ნარცისს უწოდებენ. შეფასებებში ცინიკური ლექსიკით ისევ თამარ ჩერგოლეიშვილი ლიდერობს. 5 ნომრისგან პირიქით, გამიჯვნის მიზანმიმართულ სტრატეგიაზე საუბრობს გვარამიას საარჩევნო პარტნიორი - ზურა გირჩი ჯაფარიძეც.
ეროვნულ ინტერესებს სააკაშვილთან ერთად აზიანებს ყველა ის ოპოზიციური პარტია, რომელიც ხელოვნური გაერთიანებით ცდილობს გარე მითითებების შესრულებას - ეს მმართველი პარტიის გარე დაკვირვების შედეგია. "ქართული ოცნებისთვის" მათი ოპონენტების შიდა დაპირისპირება ბევრჯერ ჩავარდნილი სცენარის ახალი ტაქტიკით ჩანაცვლების მცდელობაა.
სააკაშვილი ალიანსის კონკრეტულ ლიდერებს პოლიტიკურ ჭაობში მოიაზრებს, თუმცა გაერთიანებას არ ტოვებს. მიზეზი გასაგებია თავად ბოკერიასთვის, რომელიც ღიად ამბობს, რომ "ნაცმოძრაობის" ლიდერი ოპოზიციაში არასტაბილურობის შექმნას ცდილობს. ეს მაშინ, როდესაც სტაბილურობაზე დიდად არც სხვები ზრუნავენ, რადგან ოპოზიციური დაპირისპირების მასშტაბი ალიანსის ფარგლებსაც გასცდა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საყვედურსაც მისწვდა. ალიანსიდან გაერთიანების გარეთ დარჩენილებსაც უტევენ აღიარების გამო, რომ შტატები ოპოზიციის ბოიკოტით იმედგაცრუებულია.