ორგანო, რომელიც სახელმწიფო უწყებებისთვის ცენტრალიზებულ შესყიდვებს განახორციელებს - ოპერირების პირობები და წესები, საქართველოს მთავრობამ 29 მაისს მიღებული დადგენილებით უკვე განსაზღვრა.
ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ბაზრის კვლევას სპეციალური ელექტრონული მოდულის გამოყენებით ჩაატარებს. მიზანია შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების, მიწოდების პირობებისა და ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შეფასება. უკვე განსაზღვრულია იმ საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელთა შესყიდვაც კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელდება.
სახელმწიფო სახსრების რაციონალური ხარჯვის, კონკურენციის, არადისკრიმინაციული მიდგომის, პროპორციულობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა - რეფორმა ამ მიზნით ხორციელდება. ცვლილებების ფარგლებში სამშენებლო სექტორში, განახლდა სამშენებლო მასალების ფასები, ასევე დაინერგა ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში, ხელშეკრულების ღირებულების კორექტირებას გულისხმობს.
ხარისხი და სამუშაოების ჩაბარების ვადები - შესყიდვების კანონში და ტექნიკურ რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები, სახელმწიფოს ამ მიმართულებით ეფექტური ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას აძლევს. ახალი საკანონმდებლო მარეგულირებელი ნორმები, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესებას და პროექტების შეჩერების რისკების შემცირებას შეუწყობს ხელს.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ახალი ინსტიტუციური მიდგომები სამშენებლო სექტორის გაძლიერებს, სახელმწიფო პროექტების ფინანსურ მდგრადობას გაზრდის. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში კი, პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის უფრო მაღალ სტანდარტების დამკვიდრებას.