05 ივნისი 2026,   23:05
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანს, რობერტ ოლიფანტს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის მთავარი პრიორიტეტები განიხილეს.

შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს არსებული გამოწვევები, საქართველოში მიმდინარე რეფორმები, გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონში და ქვეყნის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. კანადის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, საინვესტიციო თანამშრომლობასა და პარტნიორობის გაფართოებას. აღინიშნა, რომ კანადას უდიდესი საინვესტიციო პოტენციალი აქვს და საქართველოს მხარე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, რათა კანადისთვის ინვესტიციების განხორციელების მხრივ მიმზიდველი ქვეყანა იყოს.

„კანადის მხარე ერთმნიშვნელოვნად აღიარებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში დგას. ასევე ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ერთიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და გამოხატავს დიდ სურვილს, გაგრძელდეს ჩვენი არა მხოლოდ პოლიტიკური და საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობა, არამედ პარტნიორობა ეკონომიკისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. კანადას ძალიან დიდი საინვესტიციო პოტენციალი აქვს. ჩვენი მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება, რათა საქართველომ კანადიდან ინვესტიციები მოიზიდოს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ენუქიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია.


დღის ამბები