05 ივნისი 2026,   22:10
ვრცლად
ამბროლაურში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია დასრულდა - რა კითხვები ჰქონდათ მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან ადგილობრივებს და რა საკითხების გადაჭრის დაპირება მიიღეს მათ

ამბროლაურში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია დასრულდა, რომელიც უკვე მეცხრე გასვლაა რეგიონში.

მმართველი პარტია თვლის, რომ ახალი თაობის ხედვები ყველამ უნდა გაითვალისწინოს და ამიტომაც აუცილებელია პირისპირ შეხვედრები ადგილზე, რაც ფაქტობრივად კვლევაცაა: რას ფიქრობენ ახალგაზრდები, რა საჭიროებები აქვთ, რა პრობლემებს ხედავენ და რაც მთავარია, როგორ უნდა ჩაერთონ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრმა, ნუგო შოშიაშვილმა განაცხადა, რომ მათ ახალგაზრდებს პრობლემების მოსაგვარებლად ალტერნატიული საშუალებები შესთავაზეს:

"გაგვიზიარეს პრობლემები, რაც არის მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ შევთავაზეთ ალტერნატიული საშუალებები ამ პრობლემის მოგვარების და შევპირდით შუამდგომლობას, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებებთან,"- აცხადებს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი ნუგო შოშიაშვილი.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი თეკლა თიკანაშვილი კი აცხადებს, რომ ახალგაზრდების მიერ დასახელებულ პრობლემებს შორის, გაზიფიცირება გამოიკვეთა:

"ახალგაზრდებმა ძალიან ღიად ისაუბრეს იმ ყოფით პრობლემებზე, რაც მათ ყოველდღიურობაში აწუხებთ. მათ შორის, განსაკუთრებით გამოიკვეთა გაზიფიცირების პრობლემა, რაც განსაკუთრებით რაჭაში არსებობს. გარდა ამისა, მოვისმინეთ სხვადასხვა ინიციატივა," - აღნიშნავს თეკლა თიკანაშვილი.

კონფერენციის მონაწილე, დავით ტვილდიანი აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრები ძალიან კარგია:

"ძალიან კარგია ასეთი შეხვედრები, როდესაც ამდენი არის ჩართული განხილვაში თუ რა არის გასაკეთებელი. ჩვენი, სვანეთისა და ლეჩხუმის მთავარი შეკითხვა ეს არის გაზიფიცირება. ვისაუბრეთ ამაზე, გავიგეთ, რომ დასრულებულია პროექტირების პროცესი. იმედია გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები და მომავალში მოხდება სვანეთის გაზიფიცირება,"- აცხადებს კონფერენციის მონაწილე დავით ტვილდიანი.

ახალგაზრდების იდეები სამომავლოდ პარტიულ პროგრამაშიც აისახება და ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების გადაწყვეტილებებზეც. შეხვედრები 28 მარტს დაიწყო და საქართველოს 10 რეგიონს მოიცავს. რაჭის შემდეგ ბოლო შემაჯამებელი ღონისძიება უკვე თბილისში უნდა შედგეს.

პოლიტიკური დიალოგის გარდა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის კონფერენციები კონკრეტულ ინიციატივებსაც ეხება. ესენია ახალგაზრდული სივრცეები, რეგიონებში კლუბებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების მოწყობა, დასაქმების პროგრამები, სტუდენტებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა, რაც რეგიონებიდან მიგრაციას ან ურბანიზაციას შეაჩერებს.

რაჭაში იყო ცოტნე ივანიშვილიც, რომელიც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს ყველა გასვლით ღონისძიებაში, რომელსაც რეგიონებში "ქართული ოცნების" ახალგაზრდები აწყობენ.

 

დღის ამბები