05 ივნისი 2026,   22:34
ვრცლად
შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის - ბრიუსელში პოლიციამ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ცრემლსადენი აირი, წყლის ჭავლი და ხელკეტები დაუპირისპირა

მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს პოლიციამ ცრემლსადენი აირი, წყლის ჭავლი და ხელკეტები მას შემდეგ დაუპირისპირა, რაც დემონსტრანტებმა ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს შენობის ბლოკირება და განათლების რეფორმასთან დაკავშირებული კენჭისყრის ჩაშლა სცადეს.

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებმა ბრიუსელის ცენტრალურ მოედნებზე გადაინაცვლა. დემონსტრანტებმა ააგეს ბარიკადები, ცეცხლი მოუკიდეს მუნიციპალიტეტის ინვენტარს და დააზიანეს ინფრასტრუქტურა. მალევე დაიწყო სპეციალური ღონისძიებებიც, პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა სხვა და სხვა ბრალდებით ოცამდე პირი დააკავეს.

ბელგიური მედია, მიმდინარე პროტესტის მთავარ მიზეზებს ასახელებს, მათ შორისაა სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის ზრდა, პედაგოგების ზეგანაკვეთური შრომა ანაზღაურების გარეშე, სამუშაო ადგილების შემცირება და სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის უფასო საკვების თუ ნივთების პროგრამის გაუქმება.

ვალონია-ბრიუსელის ფედერაციის პარლამენტმა, საპროტესტო აქციების მიუხედავად, არც ოპოზიციის, არც პროფკავშირების და არც მოსწავლე-მასწავლებლების არგუმენტები არ გაითვალისწინა და საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა. პრესა ვარაუდობს, რომ მთავრობამ კანონი დაჩქარებული წესით ფართომასშტაბიანი პროტესტის თავიდან ასაცილებლად მიიღო.

ბრიუსელი ერთადერთი ქალაქი არ არის, სადაც ფრანგულენოვანი მოსახლეობა განათლების ბიუჯეტის შემცირებას აპროტესტებს. აქციებია ვალონიის სხვა და სხვა ქალაქებშიც - ნამიურში, ლიეჟში, შარლერუასა და მონსში. ზოგიერთ სასწავლო დაწესებულებაში შეჩერებულია სასწავლო და საგამოცდო პროცესი, პედაგოგები და სტუდენტები კი მიღებული ზომების გაუქმებას ითხოვენ, პროფკავშირები კი მასშტაბურ გაფიცვას აანონსებს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები