05 ივნისი 2026,   22:34
ვრცლად
რეზოლუცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ - კენჭისყრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში გაიმართა

68 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. მომხრე - 107 და მხოლოდ 8 მოწინააღმდეგე. კენჭისყრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში გაიმართა.

საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს და მისი მიზნებიდან გამომდინარე დოკუმენტი ჰუმანიტარული ხასიათისაა. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე. 

რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. რეზოლუციის განხილვისას, რომელიც 4 ივნისს გაიმართა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ბევრმა ქვეყანამ გააკეთა. მათ შორის იყვნენ: ევროკავშირი, ლიეტუვა, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა, იაპონია.

წლების განმავლობაში რეზოლუციების თანაავტორთა რიგებს უფრო მეტი ქვეყანა უერთდება. ეს მაჩვენებელი წელს კიდევ 4 ქვეყნით გაიზარდა. "ეს არის ის შედეგი, რაც მოაქვს ძალიან ინტენსიურ მუშაობას გაერო-ს წევრ ქვეყნებთან" - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებული შტატებიდან რეზოლუციის მხარდაჭერას. მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში საქართველოს ინოვაციების ჰაბის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. გაეროში გამართულ კენჭისყრას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.

გაეროში მხარდაჭერილი დოკუმენტი ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე მხარეებსაც მოუწოდებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

დღის ამბები