07 ივნისი 2026,   16:48
ვრცლად
"აამოქმედეს რეპრესიული მექანიზმი. ხალხის სამზარეულოებსა და საწოლებში იჭრებიან. დადგა დრო, ფაშინიანი კანონიერად და ძალიან დიდი ხნით ჩაჯდეს" - სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი

სომხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, სადაც ამომრჩევლები ქვეყნის მომავალი პოლიტიკური კურსის განსაზღვრას ცდილობენ.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება რეპრესიულ მექანიზმებს იყენებს და მოქალაქეებზე ზეწოლას ახორციელებს. მისივე თქმით, მიმდინარე პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულია და მიმართულია ოპოზიციის წინააღმდეგ.

"ის [ფაშინიანი] საკუთარი შიშებით მოქალაქეებზე პროვოცირებს და ფიქრობს, რომ სასურველ შედეგს მიიღებს. მათ აამოქმედეს რეპრესიული მექანიზმი. გუშინ ანტიკორუფციული კომიტეტის ბენეფისი იყო. ყოველ ნახევარ საათში ავრცელებდნენ რაღაც უაზრო ინფორმაციას. ხალხის სამზარეულოებსა და საწოლებში იჭრებიან. მე უკანონოდ ვიჯექი და გამამართლეს. დადგა დრო, ფაშინიანი კანონიერად და ძალიან დიდი ხნით ჩაჯდეს", - აცხადებს სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი.

ცნობისთვის, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს მოქმედი პრემიერი და მისი პარტია. ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრის "ძლიერი სომხეთის" წარმომადგენელი სამველ კარაპეტიანი, რომელსაც შინა პატიმრობა აქვს მისჯილი, "სომხეთის ალიანსი" და მისი ლიდერი, ასევე სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და გაგიკ წარუკიანის "სომხეთის კეთილდღეობა".

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, დაკავებულია ერევნის ყოფილი მერი და ყოფილი მინისტრი, გაგიკ ბეგლარიანი, რომელიც ბრალდებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში.

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საგამოძიებო კომიტეტმა დააკავა ოპოზიციური პარტიის, "ძლიერი სომხეთის" დეპუტატობის ექვსი კანდიდატი. უსაფრთხოების სამსახური დილიდან ჩხრეკას ატარებს "ძლიერი სომხეთის" შტაბ-ბინასა და ადამიანის უფლებათა დამცველ კარაპეტ პოღოსიანის ბინაშიც.

დაკავებულია დეპუტატობის კანდიდატი ჰასმიკ საჰრადიანიც. ძირითადი ბრალდება რამდენიმე პირის მატერიალურ წახალისებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას უკავშირდება. ამავდროულად ცნობილი ხდება, რომ სომხეთის ქალაქ გიუმრიში დილიდან ჩხრეკა და დაპატიმრებები დაიწყო.

სულ სომხეთში დაკავებულია ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებული 100-მდე პირი. 

დღის ამბები