შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა "ტვ პირველს" საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ძალოვანი უწყებების მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 2022 წელს ჩადენილ დანაშაულს, რომელშიც იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი ფიგურირებს. საგამოძიებო უწყებების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიას მიეწოდა ინფორმაცია ბრალდებულების დაკავების შესახებ, "ტვ პირველმა" ანონსში ფაქტი შეგნებულად დამალა და მომხდარი სისტემურ პრობლემად წარმოაჩინა.
აღნიშნულ ფაქტს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ტელეკომპანიის მხრიდან ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, ტყუილზე დაფუძნებული ნარატივით საზოგადოებაში შფოთი შეიტანოს.
"ტვ პირველს" თავად ჰქონდა გაშუქებული ის, რომ დააკავეს მოძალადე პოლიციელები, ასე რომ, ნოდარ მელაძემაც და თავად ამ დემაგოგიურმა პარტიულმა ტელევიზიამ ძალიან კარგად იცოდა ის ფაქტი, რომ ძალადობაში მხილებული პოლიციელების მიმართ იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული და ბრალდებულების სახით იყვნენ ისინი დაკავებულები.
ადგილი აქვს იმას, რასაც ჩვენ არაერთგზის ვაკვირდებით - ეს არის "ტვ პირველის" მხრიდან მცდელობა, დისკრედიტაცია მოახდინოს შსს-სი, ზოგადად სახელმწიფო უწყებების. ის, რასაც ცდილობენ რადიკალები თავს მოახვიონ ჩვენს საზოგადოებას, თითქოს სახეზეა დანაშაულის სისტემურობა, ეს არის მტკნარი სიცრუე.
თუ მათ უნდათ, ნახონ სისტემური დანაშაულები, 2012 წლამდე უნდა გადავიდნენ. ნახონ ის სიტუაცია, როგორ იქცეოდა ძალოვანი სტრუქტურები, მართლაც რა სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და რაც არაერთგზის იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადასტურებული საკუთარი გადაწყვეტილებებით. ჩვენ რასაც ვაკვირდებით, სამწუხაროდ, არის კონკრეტული ფაქტები კონკრეტული დარღვევისა, რომელზეც სახელმწიფო არის მაქსიმალურად ადეკვატური, ის იძიებს ასეთ ფაქტებს," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ავტორი: ნანა გოგატაძე