26 ივნისი 2026,   16:31
ვრცლად
აშშ-ის კონგრესი FARA-ს ამკაცრებს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა სენატორების რიშის, კორნინისა და მათი კოლეგების კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის პოლიტიკაზე უცხოელი მოწინააღმდეგეების გავლენის აღკვეთას ისახავს მიზნად.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აიდაჰოს შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა, სენატორ ჯონ კორნინთან, სენატორ შელდონ უაითჰაუსთან, სენატორ ტომ ტილისთან, სენატორ ჩაკ გრასლისთან, სენატორ დებ ფიშერთან, სენატორ პიტერ უელჩთან და სენატორ ჯონ კენედისთან ერთად განცხადებები გაავრცელა მას შემდეგ, რაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა მათი კანონპროექტი „მოწინააღმდეგის გავლენის, დეზინფორმაციისა და დაფარული უცხოური დაფინანსების თავიდან აცილების შესახებ“ (PAID OFF Act), რომელიც მიზნად ისახავს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ხარვეზების აღმოფხვრას. ამ ხარვეზებით უცხოელი მოწინააღმდეგე სახელმწიფოების დაურეგისტრირებელი აგენტები სარგებლობენ, რათა შეერთებულ შტატებში ლობისტური საქმიანობა აწარმოონ.

„წლების განმავლობაში ამერიკის მთავარმა მოწინააღმდეგეებმა გამოიყენეს აშშ-ის ლობისტური კანონმდებლობის ხარვეზები, რათა გავლენა მოეხდინათ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებზე და წინ წაეწიათ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები. ამის ცნობილი მაგალითებია რუსეთის მცდელობა, თავიდან აეცილებინა სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის წინააღმდეგ და ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიების კომპანია Hikvision-ის მცდელობა, თავიდან აერიდებინა სანქციები. ეს კანონპროექტი დახურავს მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზებს და უზრუნველყოფს, რომ შეერთებულ შტატებში უცხოეთის მავნე ლობისტური საქმიანობა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული იყოს,“ - განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა.

სენატორ ჯონ კორნინის თქმით, „ამერიკის პოლიტიკა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ასახავდეს იმ უცხოელი მოწინააღმდეგეების ინტერესებს, რომლებიც აქტიურად ცდილობენ ძალთა ბალანსის მათ სასარგებლოდ შეცვლას და ჩვენი ეროვნული ინტერესების შელახვას. ეს კანონპროექტი გამოავლენს ისეთი ქვეყნების, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი, მავნე გავლენის მცდელობებს და უკეთ დაიცავს აშშ-ის გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.“

„ჩინეთს, რუსეთსა და სხვა მოწინააღმდეგე სახელმწიფოებს არასოდეს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ფარულად მოახდინონ გავლენა ამერიკის პოლიტიკასა და საზოგადოებრივ აზრზე. ვამაყობ, რომ ეს ორპარტიული კანონპროექტი კომიტეტმა დაამტკიცა. ახლა შეგვიძლია დავხუროთ ეს სახიფათო სამართლებრივი ხარვეზები და გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება.“ - აღნიშნა სენატრომა ტომ ტილისმა.

კანონპროექტის ინიციატორი დანარჩენი სენატორებიც აცხადებენ, რომ FARA-ს გამკაცრება დაურეგისტრირებელ უცხოელ აგენტებს ამერიკულ პოლიტიკაში ფარული ჩარევის შესაძლებლობას აღარ მისცემს. ისინი მიიჩნევენ, რომ კონგრესმა უნდა მიიღოს ეს ორპარტიული კანონპროექტი, რათა დაიხუროს ხარვეზები, გაძლიერდეს ეროვნული უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა დაეკისროთ კანონდამრღვევებს. სენატორები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ PAID OFF Act აძლიერებს ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ კანონებს და უზრუნველყოფს სრულ გამჭვირვალობას.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ცნობით, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი (FARA) 1990-იანი წლების შემდეგ აღარ შეცვლილა და შესაბამისად, ვეღარ პასუხობს იმ თანამედროვე მეთოდებს, რომლებსაც უცხოელი მოწინააღმდეგე სახელმწიფოები იყენებენ გავლენის ოპერაციების საწარმოებლად, კერძოდ, კომერციული საქმიანობისა და რეგისტრაციის სისტემაში არსებული სამართლებრივი ხარვეზების საფარქვეშ მავნე ინტერესების გასატარებლად.

ამჟამად, უცხოელი მოწინააღმდეგეების წარმომადგენელ აგენტებს შეუძლიათ თავი აარიდონ FARA-ს ფარგლებში რეგისტრაციას იმ საფუძვლით, რომ მათი საქმიანობა კომერციული ხასიათისაა, ემსახურება შიდა ინტერესებს ან ექვემდებარება ლობისტური საქმიანობის გამჟღავნების შესახებ კანონის გამონაკლისებს. ამის შედეგად, მათი გავლენისა და ლობისტური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობის მიღმა რჩება.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაციის თანახმად, ეს კანონპროექტი დახურავს აღნიშნულ სამართლებრივ ხარვეზებს და FARA-ს ფარგლებში რეგისტრაციას დაავალდებულებს იმ აგენტებს, რომლებიც მოქმედებენ ჩინეთის, რუსეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის ან კუბის მთავრობის ან კომერციული ორგანიზაციის სახელით. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მათი გავლენის კამპანიების გამჭვირვალობას.

კანონპროექტის მოქმედების ვადა ხუთი წლით განისაზღვრება. ამასთან, კანონპროექტი მოიცავს მექანიზმს, რომლის მიხედვითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეეძლება სახელმწიფო დეპარტამენტის ძირითადი უფლებამოსილებების შესახებ კანონში განსაზღვრულ „შეშფოთების გამომწვევი ქვეყნების“ სიაში ახალი ქვეყნების დამატების ან არსებული ქვეყნების ამოღების წინადადების წარდგენა. ასეთი ცვლილებები ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ კონგრესი ერთობლივი დამტკიცების რეზოლუციით დაამტკიცებს.

დღის ამბები