გრძელდებოდა სამუშაოები ინტერნეტიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განხორციელდა 450 კილომეტრი ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის, ჯვარი-მესტიის და ზუგდიდი-ხობის მონაკვეთების მშენებლობა.
"ეს მონაკვეთი მოიცავს 410 დასახლებულ პუნქტს და 215 000-მდე მოსახლეს.
შეუფერხებლად ხორციელდებოდა რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამების განხორციელება. რეგიონული განვითარების ფონდიდან 2025 წელს განხორციელდა 643 მილიონი ლარის ღირებულების 1 195 ინფრასტრუქტურული პროექტი და მიმდინარე წელს დაგეგმილია არანაკლებ 454 მილიონი ლარის ღირებულების არანაკლებ 863 პროექტის განხორციელება. კონკრეტულად გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში 2025-2026 წლებში 54 პროექტის განსახორციელებლად გამოიყო 20 მილიონი ლარი.
ასევე ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. ჯამურად 2025-2026 წლებში გამოიყო 82 მილიონი ლარი და დასაფინანსებლად შეირჩა 7 800-მდე პროექტი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.