26 ივნისი 2026,   16:16
ვრცლად
პრემიერი: წლის ბოლომდე დასრულდება 60-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გამოცხადებულია ან წლის ბოლომდე გამოცხადდება 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობის ან რეაბილიტაციის ტენდერი, მიმდინარეობს 100 სკოლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც ბაღებისთვის, ისე სკოლებისთვის ტიპური პროექტების შემუშავებაზე, რაც დაზოგავს პროექტირებისთვის განკუთვნილ თანხებს და ასევე კორუფციის დაზღვევისთვის არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე დასრულდება 60-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ასევე, მიმდინარეობს 100 სკოლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა ჯამური ბიუჯეტი 400 მილიონ ლარზე მეტია.

"ამჟამად მიმდინარეობს ტიპური პროექტების შემუშავება 5 განსხვავებული მოცულობისთვის, საბავშვო ბაღების მიმართულებით. 80 საბავშვო ბაღზე მიმდინარეობს სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, მთლიანად 200 მილიონია ამის ბიუჯეტი. წლის ბოლომდე დასრულდება 60-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია. გამოცხადებულია ან წლის ბოლომდე გამოცხადდება 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობის ან რეაბილიტაციის ტენდერი.

რაც შეეხება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, აქ იყო სერიოზული პრობლემები თავის დროზე განათლების სამინისტროში, იყო შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – "ესიდა", სადაც იყო ხარვეზები და, საბოლოო ჯამში, მივიღეთ გადაწყვეტილება ამ კომპონენტის ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადატანის თაობაზე. ამან გარკვეული დრო წაიღო, იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა რაც მთავარია, სისტემა გადაიხედა და ახლა უკვე სწრაფ ტემპში იქნება უზრუნველყოფილი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება. აქაც მიმდინარეობს ტიპური პროექტების შემუშავება 10 განსხვავებულ მოცულობაზე, 10 განსხვავებული მოცულობის სკოლებისთვის. მიმდინარეობს 100 სკოლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჯამური ბიუჯეტი არის 400 მილიონ ლარზე მეტი. გამოცხადებულია ან წლის ბოლომდე გამოცხადდება 100 სკოლის ტენდერი, აქედან 70 არის რეაბილიტაცია და 30 არის ახალი სკოლის მშენებლობა. გაისად დაგეგმილი გვაქვს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება 200 სკოლაზე,“- აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები