30 ივნისი 2026,   15:06
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი: ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობას - მიმართულებებს, რომლის ფარგლებშიც უნდა განვითარდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ყაზახეთში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველო-ყაზახეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებას და პრიორიტეტულ მიმართულებებს დაეთმო. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა შუა დერეფნის განვითარება, რაც ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს. 

„პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის შუა დერეფნის განვითარება, ყაზახეთს აქვს დიდი ინტერესი საქართველოსთან თანამშრომლობის ამ მიმართულებით. ბუნებრივია ჩვენც გვაქვს დიდი ინტერესი ყაზახეთთან განვავითაროთ თანამშრომლობა შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. 

ვიცე-პრემიერის შეფასებით, ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და ორივე ქვეყნის მზადყოფნა, ერთობლივი ძალისხმევით განავითარონ თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ დაკავშირებადობას, ეკონომიკური განვითარებასა და კეთილდღეობის ზრდას.

„ჩვენ გვქონდა საუბარი იმ პოტენციალზე, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის იმისათვის, რომ უფრო მეტად განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ბიზნეს კავშირები, ხალხთა შორის კავშირები, კულტურის სფეროში თანამშრომლობა და ზოგადად სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, რაც სასიკეთო იქნება როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები