საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანსა და გოროვანში, წყალმომარაგების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ასრულებს.
სოფლების მოსახლეობას ამ დრომდე სასმელი წყალი დღეგამოშვებით, რამდენიმე საათის განმავლობაში მიეწოდებოდა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მიმდინარე წლის ბოლოდან, წეროვანსა და გოროვანში მცხოვრები მოსახლეობა პირველად ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით.
პროექტის ფარგლებში აშენდა სატუმბო სადგური, შემკრები რეზერვუარი და 500 მ³ მოცულობის ახალი რეზერვუარი, ხოლო არსებულ რეზერვუარებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო 26 კილომეტრამდე წყალმომარაგების ქსელი, ოთხი ახალი ჭაბურღილი და საქლორატორო.
ძირითადი სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის საბოლოო სამუშაოები, რის შემდეგაც ახალი ინფრასტრუქტურა სრულად შევა ექსპლუატაციაში.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.