მიზანმიმართული შეტევა ქვეყნის ინტერესებზე - მმართველი გუნდი საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულ თავდასხმაზე საუბრობს. სახელისუფლებო პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ განაცხადეს რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტი სიცრუითა და ცილისწამებით არის გაჯერებული.
ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ფარული ძალაუფლების მქონე გლობალურმა ძალებმა კოორდინირებულ პროცესში, ეუთოც ჩართეს და მათი მიზანი ქართველი ხალხის ნებასთან დაპირისპირებაა.
"სამწუხაროა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაც შეუერთდა Deep state-ის მიერ მართულ იმ ერთობლივ კამპანიას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებს. ამ რეზოლუციაშიც ვხედავთ იმ სიცრუესა და ტყუილებს, რომელიც არაერთ სხვა რეზოლუციაში გამოჩნდა, თუმცა ფაქტია, რომ თავადვე ამ რეზოლუციის მხარდამჭერები თუ იქ მყოფი ადამიანებიც, პასუხს ვერ სცემდნენ ჩვენს დელეგაციას კადრს მიღმა, თუ, რატომ მოხდა ასეთი მავნებლური რეზოლუციის ინიციირება და მხარდაჭერა," - განაცხადა პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.