პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტი სიცრუითა და ცილისწამებით არის გაჯერებული.
მისი შეფასებით, მიმდინარე საკითხების ფონზე, საერთაშორისო წესრიგი სრულიად მორღვეულია.
"ძალიან ცუდია, როდესაც ეუთო გაურბის პასუხისმგებლობას. სწორედ ასეთმა თვალის დახუჭვამ, საპარლამენტო ასამბლეების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებამ, მიგვიყვანა ჩვენ იქამდე, რომ საერთაშორისო წესრიგი მორღვეულია.
საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზე თვალის დახუჭვამ მიგვიყვანა იქ, სადაც ვართ დღეს, ომები ისე იწყება, რომ არავინ არ ეკითხება, არც რომელიმე ორგანიზაციას, არც საერთაშორისო სამართალს ეფუძნება დღესდღეობით სამყაროში მიმდინარ მოვლენები.
ამიტომ, ეს არის უპირველეს ყოვლისა უდიდესი უპასუხისმგებლობა. ამ რეზოლუციით და ამ რეზოლუციაზე რეაქციით, ეუთომ დარტყმა მიაყენა საკუთარ რეპუტაციას ქართველი ხალხის თვალში. ამიტომ, ეუთო-ს ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს რეპუტაცია აღიდგინოს," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.