თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონაში სამუშაოები გრძელდება.
სალიკვიდაციო სამუშაოები როგორც ქალაქში, ასევე მიმდებარე სოფლებში მიმდინარეობს.
თელავში ამ დროისთვის იწმინდება სეხნიაშვილის ქუჩის ნაწილი, ტერიტორიაზე რჩება ცოცხალი ძალა.მოხალისეთა ჯგუფები მრავალსართულიანი კორპუსების ეზოებს და სარდაფებს ალაგებენ.
რაც შეეხება სოფლებს, რომლებსაც წყალი არ მიეწოდება, მუნიციპალიტეტი სპეციალური მანქანით მოსახლეობის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. სრულად აღდგენილია ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია.
"თელავში მეოთხე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა და აგრძელებს მუშაობას. ასევე, ჩართულები არიან მეზობელი მუნიციპალიტეტიდან მობილიზებული შესაბამისი სამსახურები და მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც მოქალაქეებს ეხმარებიან დატბორილი სადარბაზოებისა და სარდაფების გაწმენდის სამუშაოებში.
სოფლებში, სადაც სტიქიამ დააზიანა წყლის სართავი ნაგებობები, ამ სოფლების ძირითად ნაწილში აღდგენილი არის წყლის მიწოდება მოსახლეობისთვის. არის სოფლები, სადაც ჯერ კიდევ ეს პრობლემა მოგვარებული არ არის და მუნიციპალიტეტი წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად ახორციელებს მოქალაქეებისთვის შესაბამისი ტექნიკით წყლის მიწოდებას", - აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიგა მამუკელაშვილი.