15 ივლისი 2026,   22:27
ვრცლად
არ შეიძლება აზრის გამოხატვის თავისუფლებით შშმ პირთა დაცინვა ინიღბებოდეს - უფლებადამცველი სანდრო ცხადაძეს პასუხობს

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმამ, სანდრო ცხადაძემ, იუთუბ არხის გადაცემა "ისაუბრე"-ში საქართველოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას დისკრიმინაციულად გამოეხმაურა და დეპუტატ რატი იონათამიშვილის შეზღუდულ შესაძლებლობებზე ირონიული ტონით ისაუბრა.

"შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების დაცინვა ინიღბება აზრის გამოხატვის თავისფულებით" - ასეთია შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებადამცველების პოზიცია ცხადაძის ირონიულ და ცინიკურ გამონათქვამთან დაკაშვირებით.

დისკრიმინაცია და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება - ასე აფასებენ ქართულ ოცნებაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს.


კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის", შშმ პირთა უფლებადამცველი თინათინ რევაზაშვილი რატი იონათამიშვილის მისამართით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცინიკურ ვიდეომიმართვას ეხმაურება.

უფლებადამცველი გმობს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას და ხაზს უსვამს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეურაცხყოფისა და დაცინვის შესანიღბად.

"არამარტო ის რომ ფაქტობრივი უზუსტობაა ამ პატარა ვიდეოში, რადგან რატი საერთოდ არ ყოფილა ჩართული ამ პროცესში, თვითონ რესპონდენტი მოიხსენიებს ეტლით მოსარგებლე პარლამენტარს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ტონით. ამ ბოლო პერიოდში ხშირად ვხვდებით საზოგადოებაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, დაცინვით და დისკრიმინაციული ტონით მოხსენიება, რაღაც ინიღბება აზრის გამოხატვის თავისუფლების სახელით. 

მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრიბუნიდან ხდება მსგავსი დამამცირებელი ტონით შშმ პირების მოხსენიება ეს კიდევ უფრო მეტად აღრმავებს იმ სტიგმას რაც არის საზოგადოებაში და რასაც ძალიან ბევრი წელია ვებრძვით. 

ეს მათი პირადი აზრი კი არ არის, არამედ ეს ცდება ყველა საზღვარს და ქმნის განწყობას, რომ დისკრიმინაციული განწყობა მისაღებია შშმ პირების მიმართ,"- აცხადებს თინათინ რევაზაშვილი

დღის ამბები