ენერგეტიკის მინისტრი ირანს პოტენციურ პარტნიორად განიხილავს, თუმცა მასთან აქტიურ მოლაპარაკებებს უარყოფს. კახი კალაძის განცხადებით, ირანთან გაზის საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით, კონკრეტულ პირობებზე და ტექნიკურ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა.
ენერგეტიკის მინისტრს არ განუმარტავს, რაზე დაყრდნობით გაავრცელეს ირანული კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა, ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების რამდენიმე კონკრეტული დეტალი. ამ ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა საქართველოსა და ირანს შორის შეთანხმება 15 მილიონ კუბურ მეტრ გაზზე შედგეს, რომელსაც საქართველო სომხეთის გავლით მიიღებს.
ირანთან თანამშრომლობის პოტენციალს უსაფრთხოების კონტექსტში განიხილავს ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტების ნაწილი. იმ შემთხვევაში თუკი ირანიდან ბუნებრივი აირი სომხეთში არსებული ქსელის გავლით შემოვა, რომლის მფლობელიც რუსული კომპანია გაზპრომია, ექსპერტები თვლიან, რომ საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გარანტია ვერ ექნება.
დასახელებული რისკების მიუხედავად, ექსპერტები ქართული ბაზრის დივერსიფიკაციის აუცილებლობაზეც მიუთითებენ.
ავტორები: ქეთი ნადიბაიძე, ზურაბ მანაგაძე, თემურ ვარაზანაშვილი.