21 ივლისი 2026,   06:19
ვრცლად
ავტოტრანსპორტის მძღოლებს ვთხოვთ, რომ დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შესაბამის რეკომენდაციას, რათა მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული - ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. ცენტრალურ გზაზე გადაადგილება ტექნიკის დახმარებით და შესაბამისი რეკომენდაციებით არის შესაძლებელი. სოფელ საყდრის ხიდი მოვარდნილმა მეწყრის მასამ დააზიანა, რის გამოც სოფლების ნაწილი გარე სამყაროს მოწყდა.

ბოლო მონაცემებით, ჩაკეტილი რჩება მხოლოდ ერთი სოფელი. ადგილზე უახლოეს დღეებში გეოლოგებს ელოდებიან.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი ადგილობრივებს მოუწოდებს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ავტოტრანსპორტით გადაადგილებისას.

"ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა როგორც ცენტრალური, ასევე შიდა სასოფლო გზები. ორი დღის განმავლობაში გზის წმენდის ნაწილში ჩართულია როგორც გზების დეპარტამენტის ტექნიკა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ის ტექნიკა, რომელიც საჭიროებას წარმოადგენდა. ამ ეტაპისთვის, დღემდე გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი 3 სოფელი, ამ წუთის მონაცემებით, ორ სოფელში მისასვლელი შიდა სასოფლო გზები მუნიციპალიტეტის ჩართულობით უკვე გაიხსნა. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს პროცედურული სამუშაოები, მძიმე ტექნიკის დახმარებით შესაძლებელი არის ავტოტრანსპორტის გადაადგილება. ავტოტრანსპორტის მძღოლებს ვთხოვთ, რომ დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შესაბამის რეკომენდაციას, რომ მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ჩვენ ველოდებით გეოლოგიურ დეპარტამენტს, რომელიც ჩამოვა და შესაბამის დასკვნას დადებს“, - აცხადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი.

დღის ამბები