გურამ მაჭარაშვილი ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება. მისი შეფასებით, მსგავსი საქციელი ანტიქართულია და უცხოეთიდან ფინანსდება.
"ეს შეეხება მწერალ, ხანში შესულ ადამიანს, მოვაჭრეს თუ ნებისმიერ სხვას, მნიშვნელობას არ აქვს, ქართული ფენომენი არ არის, რომ ვინმე დააკნინო ან დააბულონგო. ეს უნდათ ზუსტად, ანტიქართული წესის დამკვიდრება უნდათ და ამის დაფინანსება ხდება უცხოეთიდან. ეს პოდკასტია, ვიდეო-რგოლია თუ განცხადებებია, ამას ემსახურება. თქვენ რა გგონიათ, ესენი ამას საკუთარი ხარჯებით აკეთებენ? - არა, რა თქმა უნდა, პირიქით, აკეთებენ იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი დაფინანსება წამოიღონ ევრობიუროკრატიიდან, რომელთა მიზანიც ყველა ქვეყანაში, არამარტო საქართველოში ყველაფერი ტრადიციულის გვერდზე გაწევაა," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
გინება, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი კომენტარები და გამონათქვამები ხანდაზმულ ადამიანებზე, გარემოვაჭრეებზე, ეკლესიასა და სასულიერო პირებზე - ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში, დიდი ქართველი კლასიკოსის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გარდა, ცინიზმით სავსე გამონათქვამებს, ოპოზიციის აქტივისტები საზოგადოების სხვა წევრებზეც იყენებენ.
ფაქტებს სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკა მოჰყვა, სადაც მსგავს გამონათქვამებს გმობენ და წერენ, რომ ეს განსაკუთრებით მიუღებელია მაშინ, როდესაც, პოდკასტი ცოდნის ფონდის პარტნიორს და დირექტორს, ასევე, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მფლობელს, ანასტასია ბენდუქიძეს ეკუთვნის, უსიტყვოდვე კი პრეტენზია აქვს, რომ სფეროში წამყვანი სასწავლო დაწესებულებაა. მმართველ გუნდში სიძულვილის ენის აზრის გამოხატვის თავისუფლებად შენიღბვის მცდელობებზე საუბრობენ.