ფოთში, მალთაყვის ოქროს ტბაზე, წყალსათხილამურო სპორტში საერთაშორისო ტურნირი "ფოთი-პრო 2026“ მიმდინარეობს. ორდღიან შეჯიბრებაში მსოფლიოს 17 ქვეყნის 49 სპორტსმენი მონაწილეობს.
ტურნირი ტარდება წყლის თხილამურებისა და ვეიკბორდის საერთაშორისო ფედერაციის (IWWF) პატრონაჟით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, ტურნირის ორგანიზატორია ფოთის ტბის კლუბი, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს წყალსათხილამურო ეროვნული ფედერაცია.
შეჯიბრებები წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად დისციპლინაში იმართება: სლალომში, ფიგურებში და ტრამპლინიდან ხტომაში. ტურნირს სტუმრობენ საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები.
მალთაყვის ოქროს ტბაზე მოეწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ტურნირისთვის საქართველოს სპორტის სამინისტრომ შეიძინა უახლესი მოდელის სპეციალური კატარღები Ski Nautique 2025.
ტურნირის პირდაპირ ტრანსლირებას ახორციელებს საერთაშორისო სპორტული მაუწყებელი TWBC Broadcast, რომელიც მთელს მსოფლიოში მილიონიან აუდიტორიას ფარავს და საქართველოს 1 არხი სპორტი, რომელიც ამავდროულად ოფიციალური მედია პარტნიორია.
„ფოთი-პრო 2026“-ის გამარჯვებულები 21 ივლისს გამოვლინდებიან, ხოლო 24 ივლისიდან საქართველო წყალსათხილამურო სპორტში კიდევ ერთ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას - ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატი საქართველოში უკვე მეორედ გაიმართება, რაც ქვეყნის, როგორც საერთაშორისო წყალსათხილამურო სპორტის მასპინძლის, მზარდ მნიშვნელობას ადასტურებს.