25 ივლისი 2026,   17:53
ვრცლად
საქსტატმა დაარსებიდან 107 წლის იუბილე აღნიშნა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაარსებიდან 107 წლის იუბილე აღნიშნა.

საიუბილეო ღონისძიება სასტუმრო „ბილტმორი თბილისში“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ეროვნული ბანკის, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გახსნა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ილია შამუგიამ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ და საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

ღონისძიების ფარგლებში გოგიტა თოდრაძემ წარადგინა პრეზენტაცია, რომელშიც შეაჯამა საქსტატის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, მიღწეული შედეგები და სამსახურის განვითარების სამომავლო გეგმები. მან ყურადღება გაამახვილა ოფიციალური სტატისტიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

განსაკუთრებული ადგილი დაეთმო თანამშრომელთა და პარტნიორთა ღვაწლის დაფასებას. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ საქსტატის თანამშრომლები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ოფიციალური სტატისტიკის განვითარებაში, ასევე ბიზნესკომპანიები და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობენ საქსტატთან და ხელს უწყობენ მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის წარმოებას.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ 107-წლიანი ისტორიის განმავლობაში საქსტატი ჩამოყალიბდა თანამედროვე, დამოუკიდებელ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ინსტიტუციად. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, მათ შორის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის სრულად ციფრულ ფორმატში ჩატარებაზე, მონაცემთა გავრცელების თანამედროვე პლატფორმების შექმნაზე, ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

ღონისძიება საზეიმო მიღებით დასრულდა.

დღის ამბები