ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ნიკა კაპანაძის ადვოკატი, ირაკლი აბსანძის განცხადებით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
"პატიმრობა შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით. წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა 14 დეკემბერს. პოზიცია ის იყო, რომ არ იყო ადამიანი ადეკვატური. დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა და შემდეგ დაადგენს სასამართლო, არის თუ არა ეს ადამიანი შერაცხადი თუ შეურაცხადი. გამოძიება ამასთან დაკავშირებით ჩაატარებს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, გადაიყვანენ შესაბამის დაწესებულებაში კვლევის მიზნით," - აცხადებს ირაკლი აბსანძე.
ნიკა კაპანაძეს, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებიან. მას ბრალის დადგენილება გუშინ სამედიცინო დაწესებულებაში გააცნეს. გამოძიების თანახმად, 22 ივლისს შანიძის ქუჩაზე ღია საზოგადოებრივ სივრცეში, კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან, რომლებიც ავტომობილში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. კაპანაძე, დაკავების დროს, სამართალდამცველებს დაემუქრა და, ცეცხლსასროლი იარაღით, მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა.