"განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ გააფთრებულ მცდელობებს, რომ მოხდეს შებღალვა ჩვენი ყველაზე ძვირფასი ტრადიციების თუ ღირებულებების", - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი "ახალი სახალხო მოძრაობის" დაფუძნებას.
მისი თქმით, როდესაც საუბარია ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივ გაერთიანებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში.
"ამ საზოგადოებრივი მოძრაობის მიზანია ის, რომ ისინი აღუდგნენ წინ იმ თავდასხმებს, რომელიც ხორციელდება ჩვენი ტრადიციების, ჩვენი კულტურის, ღირებულებების მისამართით. განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ გააფთრებულ მცდელობებს იმისა, რომ მოხდეს შებღალვა ჩვენი ყველაზე ძვირფასი ტრადიციების თუ ღირებულებების. მეორე მხრივ, როდესაც ლაპარაკი არის ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივ გაერთიანებაზე, რა თქმა უნდა, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ეს იყოს კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მოქალაქეებს აქვთ უფლება იმისა, რომ ისინი გაერთიანდნენ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში, გაერთიანებაში, ეს არის მათი გარანტირებული უფლება, ისე, როგორც დემოკრატიულ საზოგადოებაშია მიღებული. ახლა რადიკალთა მხრიდან რაღაც აპელირება იმაზე, რომ ეს არაკანონიერი წარმონაქმნია, რა თქმა უნდა, არის ღიმილისმომგვრელი, იმიტომ, რომ ჯერ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვიცით მიზანი ამ გაერთიანებისა და მიზანთან მიმართებით, არაფერი არ შეიძლება გვქონდეს საწინააღმდეგო," - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე