28 ივლისი 2026,   17:56
ვრცლად
ეს გაერთიანება თანასწორობაზე დგას და ათწლეულების განმავლობაში ამით იყო ეს ყველაფერი საინტერესო - ახლა რაზეც საუბრობენ, ნიშნავს, რომ ქვეყნების სუვერენიტეტი აბსოლუტურად შეზღუდული უნდა იყოს - ლევან მაჭავარიანი ევროკავშირზე

ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას უკვე 12 ქვეყანა შეუერთდა. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ თუკი ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი, თითქმის გარანტირებულად, თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა. 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების წესის შესაძლო ცვლილება წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტს შეზღუდავს. მისივე თქმით, ეს შეიძლება მიუთითებდეს როგორც დიდი სახელმწიფოების გავლენის ზრდაზე, ისე იმაზე, რომ ევროკავშირი გაფართოებისთვის მზად არ არის.

„ჯერ ახალ წევრებზე იყო საუბარი, რომ უფლება არ უნდა ჰქონდეთ ხმის, ახლა არის საუბარი, თუ არ ვცდები, უკვე მოქმედ წევრებზე, რომ მხოლოდ დიდი სახელმწიფოები უნდა დარჩნენ, ვინც საკითხებს გადაწყვეტენ ისე, რომ პატარა სახელმწიფოებთან არ შეათანხმონ. ეს ყოვლად მიუღებელია, ვინაიდან თანასწორობაზე დგას ზოგადად ეს გაერთიანება და ათწლეულების განმავლობაში ამით იყო ეს ყველაფერი საინტერესო. ახლა ისინი რასაც საუბრობენ, ნიშნავს, რომ სუვერენიტეტი უნდა იყოს აბსოლუტურად შეზღუდული.

ერთი ფაქტორი შეიძლება ის იყოს, რომ უბრალოდ დიდმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, არა მხოლოდ კულისებს მიღმა, არამედ უკვე ღიადაც, მხოლოდ ისინი იყვნენ მართვის სადავეებში. ან არის მეორე საკითხი - რომ ევროკავშირი არ არის გაფართოებისთვის მზად, ეს ყველაფერი მათი მხრიდან იყო პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენებული, ქვეყნების დაიმედება და, შესაბამისად, უკვე ამ ნაბიჯებით ცდილობენ, რომ კანდიდატ წევრებს თავად ათქმევინონ უარი ევროკავშირის წევრობაზე“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები