ალილოს ტრადიციული მონაწილეები მსვლელობისათვის თბილისში დილიდან ჩამოიყვანეს. 7 კამეჩი კასპის რაიონიდან ასევე ტრადიციულად, ალილოს მსვლელობას სათავეში უდგანან.
ვარდების მოედნიდან დაწყებული ალილო თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეჩერდა, სადაც შობის მახარობლებს დეპუტატები დახვდნენ.
ალილოს მონაწილეების რაოდენობა გზადაგზა იზრდებოდა, ისევე როგორც შეგროვებული საჩუქრების რაოდენობა, რომლებიც ყველაზე პატარა მონაწილეებს საკრებულოს შენობასთანაც დაახვედრეს.
თავისუფლების მოედნიდან ალილო ორად გაიყო. მონაწილეების ნაწილმა შობა საპატრიარქოში პატრიარქს მიულოცა, ნაწილმა კი პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლა, სადაც მათ გიორგი მარგველაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად დახვდა.
რამდენიმესაათიანი სადღესასწაულო მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დღის ბოლოს დასრულდა, სადაც კათოლიკოს-პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა. ალილოს დროს შეგროვებული შემოწირულობები რამდენიმე დღე სწორედ სამების ახალგაზრდულ ცენტრში დარჩება, საიდანაც ისინი ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სოციალურად დაუცველებს დაურიგდებათ.
ავტორები: ეკო მაღრაძე, გიგლა თუმანიშვილი.