20 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
80-მდე ტრაილერი გუდაური-კობის გზის გახსნას ელოდება

გუდაური-კობის მონაკვეთზე ამ დრომდე არსებული ზვავსაშიშროების გამო რუსეთისკენ მიმავალი 80-მდე ტრაილერი, სამგზავრო ავტობუსები და ათობით მსუბუქი მანქანა გზის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. მათი დიდი ნაწილი ანანურთან არის გაჩერებული.

მძღოლები და მგზავრები, რომელთა შორის არიან ბავშვებიც, დახმარებას ითხოვენ.

ტრაილერების მძღოლები გაზის დროულ გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ მალფუჭებადი პროდუქტები მიაქვთ და დროულად წასვლა მათთვის აუცილებელია. ასევე რუსეთში მიმავალი მოქალაქეები მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებსა და გუდაურში მაღაზიებში გაძვირებულ პროდუქტებზე საუბრობენ.

გზის გახსნის იმედი ხვალისთვის აქვს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს.

ვაჟა ჩოხელის განცხადებით, კობი-გუდაურის მონაკვეთზე ცუდი მეტეოროლოგიური ვითარებაა და გზის გაწმენდა ვერ ხერხდება.

 „ამჟამად ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილია გუდაურის ზევით მონაკვეთი. საუბარი გვქონდა საგზაო დეპარტამენტთანაც და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთანაც. ამჟამად რთული მდგომარეობაა და დილით დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. იმედია, ხვალისთვის მაინც მოხერხდება ნაკადის გატარება,“ - აცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ვაჟა ჩოხელი.

რაც შეეხება გუდაურამდე გზას, კურორტამდე ასვლა ტრანსპორტს შეზღუდვების გარეშე შეუძლია.

დღის ამბები