ეროვნული ინტერესების ღალატი და გარე ძალების დავალებით მოქმედება, - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის განცხადებებს, რომლებიც აფხაზეთთან დაკავშირებულ ინიციატივებს აკრიტიკებენ.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფხაზების შემორიგებაზე ფიქრი სისულელეა, რადგან მათ ქართველები ეზიზღებათ. უმრავლესობის შეფასებით, ექსპრეზიდენტის რიტორიკა მხოლოდ ორ სცენარს გულისხმობს - ომს ან ტერიტორიებზე საბოლოოდ უარის თქმას.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ორივე შემთხვევაში შედეგი ერთია - გარე ძალების დავალებით ქვეყნის ინტერესების დათმობა. ამ კონტექსტში, უმრავლესობამ ოპოზიციის სხვა ლიდერების განცხადებებიც გაიხსენა, როცა გვარამიამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს, მაგალითად კი ნიკოლ ფაშინიანი და ყარაბაღის დათმობა მოიყვანა; ბარამიძემ აფხაზეთის ომის დროს ქართველ სამხედროებს ტყვეების დახვრეტა დააბრალა.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ბარამიძის, გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით საქართველოსთვის ამ საკითხზე უარის თქმის გზების ძიებას ემსახურება.
"ის, რაც გააკეთა ბარამიძემ, გვარამიამ და ახლა უკვე მიხეილ სააკაშვილმა, ნათლად მეტყველებს, რომ მათ მიიღეს დავალება, მოძებნონ ფორმა, თუ როგორ დავშორდეთ ამ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს, ანუ რეალურად უარი ვთქვათ ამ ტერიტორიებზე. ეს იქნება ომის გაჩაღების გზით, თუ რაღაც სხვა გზა გამოიძებნება, ასეთი დავალება აქვთ.
რაც შეეხება იმას, თუ რას ამბობს თვითონ სააკაშვილი, რომ ერთადერთი გზა არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რომ ეს 50 000 კაცი კი არ შემოვირიგოთ, გავწყვიტოთ და ამ გზას უნდა დავადგეთ და სისხლის გუბეები დავაყენოთ? პირდაპირ ამბობენ ამას, რომ არავითარი დიალოგი ამ ხალხთან საჭირო არ არის, არავითარი ნაბიჯების გადადგმა საჭირო არ არის. არა და მაშინ რას ვუმტკიცებთ? ჩვენ ვუმტკიცებთ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვინდა. ჩვენი გზა უნდა იყოს ის, რომ იქ მაცხოვრებელი ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და დროებით რაღაცა ძნელბედობის ჟამის გამო ერთმანეთს დავცილდით და უნდა მოვნახოთ გზები, რომ ეს უარყოფითი ტენდენციები აღმოვფხვრათ და ეს ნაბიჯები ერთმანეთის მიმართულებით გადავდგათ“, - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე