საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით, სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნების ფორუმის (PIF) ლიდერთა 55-ე შეხვედრაში.
უწყების ცნობით, მაღალი დონის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, განხილული იყო რეგიონის მდგრად განვითარებასთან, უსაფრთხოებასთან და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები.
"ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის PIF გენერალურ მდივანთან, ბარონ ვაქასთან, პალაუს რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სურანგელ ვიპს უმცროსთან და ნაოეროს (ნაურუს) რესპუბლიკის პრეზიდენტთან, დევიდ ადეანგთან.
ასევე, შეხვედრები გაიმართა იაპონიის, სერბეთის, კუკის კუნძულების, ტუვალუს, ტონგას, მარშალის კუნძულების, მიკრონეზიის ფედერაციული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ღონისძიებაში მონაწილე დელეგაციების სხვა წარმომადგენლებთან.
შეხვედრებისას განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ვაჭრობის, ტურიზმის, სპორტის, განათლების, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის და კულტურის სფეროებში. კუნძულოვანი ქვეყნების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობით დაინტერესებისთვის. დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და მზაობა სხვადასხვა სექტორში საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების შესახებ", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.