09 სექტემბერი 2026,   15:18
ვრცლად
INTERPOL-მა საფრანგეთში მდებარე ოგიუსტ რენუარის მუზეუმში მომხდარი ძარცვის შემდეგ, ორი ფერწერული ტილო მოპარული კულტურული ფასეულობების ბაზაში შეიტანა

INTERPOL-მა საფრანგეთში, კან-სიურ-მერში მდებარე ოგიუსტ რენუარის მუზეუმში მომხდარი ძარცვის შემდეგ ორი ფერწერული ტილო მოპარული კულტურული ფასეულობების ბაზაში შეიტანა.

ნივთებს შორისაა ოგიუსტ რენუარის ცნობილი ნამუშევრები - "მადამ კოლონა რომანო" და "ქალი ჭასთან".

დანაშაულის ადგილიდან მიმალვისას მძარცველებმა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ორი ტილო დატოვეს. აღნიშნული ნამუშევრები სამართალდამცავი ორგანოების მიერაა ამოღებული და უკვე დაუბრუნდა მუზეუმს.

მოპარული კულტურული ფასეულობების ბაზა კულტურული მემკვიდრეობის უკანონო ბრუნვის აღკვეთის უმთავრესი საერთაშორისო ინსტრუმენტია. ბაზაში ინტეგრირებულია 57 000-მდე მოპარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი.

მონაცემთა ბაზაში ასახვის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით ყველა სამართალდამცავი უწყება, საბაჟო სამსახური და სახელოვნებო ბაზრის სპეციალისტი იღებს ოფიციალურ შეტყობინებას, რომ ნივთები უკანონო მფლობელობაშია და აღმოჩენისთანავე ექვემდებარება კონფისკაციას.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები