08 სექტემბერი 2026,   22:26
ვრცლად
1000 წლის შემდეგ "ბაიოს გობელინი" დიდი ბრიტანეთის მუზეუმში გამოიფინება - ექსპონატი იქ 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება

58 ისტორიული სცენა, 600-ზე მეტი პერსონაჟი და მეთერთმეტე საუკუნის ვიზუალური მემატიანე - შუა საუკუნეების კომიქსად წოდებული გობელინი 1000 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

"ბაიოს გობელინი" 1066 წლის ჰასტინგსის ბრძოლისა და ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის სცენებს ასახავს.

შუა საუკუნეების შედევრი სიგრძით 70 მეტრია, მისი ღირებულება კი 960 მილიონ ევროს შეადგენს. ნაქარგზე, ისტორიულ მოვლენებთან ერთად, იმ პერიოდის ადამიანები, მათი აღჭურვილობა, სამოსი და სხვა დეტალებია გამოსახული. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ის ინგლისში ინგლისელმა ქალებმა მოქარგეს, თუმცა საუკუნეების განმავლობაში საფრანგეთში ინახებოდა.

ხელოვნების ნიმუში საფრანგეთიდან ლონდონში უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა და რთული ლოგისტიკური დაგეგმვის შედეგად, სპეციალური კონტეინერით ჩაიტანეს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 1000 წლის შედევრი საფრანგეთს ტოვებს. მას მხოლოდ ქვეყნის შიგნით 40 წლის წინ შეუცვალეს ადგილი. ბრიტანეთის მთავრობამ ექსპონატი 1 მილიარდ დოლარად დააზღვია.

ორ დღეში ისტორიულ არტეფაქტს მილიონამდე ვიზიტორი იხილავს. გამოფენა მუზეუმის ისტორიაში უკვე იქცა ყველაზე მოთხოვნად ღონისძიებად. ბილეთები რეკორდულ დროში გაიყიდა, მუზეუმმა კი სამ მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო.

გამოფენის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე ექსპოზიცია ბრიტანეთის მონარქმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა დაათვალიერეს. მათ ამ მოვლენას ისტორიული უწოდეს და აღნიშნეს, რომ ახლა გობელინი ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ერთგვარი სიმბოლოა.

ექსპონატი 10 სექტემბრიდან ბრიტანეთის მუზეუმში გამოიფინება და იქ 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება. ინგლისელებისთვის ეს, ტუტანხამონის გამოფენის შემდეგ, უდიდესი კულტურული მოვლენაა.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები