28 ნოემბერი 2026,   14:53
ვრცლად
გია ვოლსკი USAID-ის ფაილებზე: დაახლოებით ორ მილიარდს უტოლდება დანახარჯი, რომელიც საქართველოში ჩასხმულია დესტაბილიზაციისა და ექსტრემიზმის განვითარების მსახური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ჯგუფების გასაძლიერებლად

დაახლოებით ორ მილიარდს უტოლდება დანახარჯი, რომელიც საქართველოში, ასე ვთქვათ, ჩასხმულია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური ჯგუფების გასაძლიერებლად, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული დესტაბილიზაციის და ექსტრემიზმის განვითარებას ემსახურებოდნენ, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ USAID-ის ფაილებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა.

მისი განცხადებით, ფინანსური რესურსი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერებას მოხმარდა, რომლებიც 2012 წლიდან ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ექსტრემიზმის განვითარებას უწყობდნენ ხელს.

"მილიარდ დოლარზე მეტია დახარჯული USAID-ის მხრიდან, მაგრამ იქ იყო კიდევ სხვა ფონდებიც, დაახლოებით ორ მილიარდს უტოლდება დანახარჯი, რომელიც საქართველოში, ასე ვთქვათ, ჩასხმულია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური ჯგუფების გასაძლიერებლად, რომლებიც დღენიადაგ, შეუსვენებლად, 2012 წლიდან მოყოლებული დესტაბილიზაციის და ექსტრემიზმის განვითარებას ემსახურებოდნენ თავის ყველა ნაბიჯით, გამონათქვამით და განცხადებებით.

არჩევნების შედეგების მიუხედავად, სადაც ოპოზიციამ გარკვეული რაოდენობის ხმები მიიღო, ამის მიუხედავად, ისინი არათუ შემოვიდნენ პარლამენტში და დაიწყეს იმ ფუნქციის შესრულება, რომელიც ოპოზიციას ეკისრება, არამედ პირიქით, გააძლიერეს თავისი ქმედებები ქვეყნის დესტაბილიზაციის მისაღწევად. ამაში, ყველაფერში, ისევე როგორც სხვა გარკვეულ რევოლუციურ პროცესებში, USAID-ი მონაწილეობდა", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ცნობისთვის, გასაჯაროებული მასალების მიხედვით, USAID-მა 26 მილიონი დოლარი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელზე იმისთვის დახარჯა, რომ სასურველი გზავნილები გაევრცელებინა, სოციალური სივრციდან გაექრო არასასურველი ინფორმაცია, დარტყმა მიეყენებინა არჩეული ხელისუფლებისთვის და რევოლუციები მოეწყო. დოკუმენტებში დეტალურად არის გაწერილი ამომრჩეველზე მუშაობის ტაქტიკაც - იკითხება, როგორ ამკვიდრებდნენ აზრს, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება, ქვეყანა რუსეთისკენ მიდის, გამჭვირვალობის კანონი კი რუსულია.

დღის ამბები