ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე პირველად გაიმართა საქართველო-ჩინეთის B2B ღონისძიება, რომლის ოფიციალურ გახსნაშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი პლატფორმები ქართულ კომპანიებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებისა და პარტნიორული კავშირების გაძლიერებისთვის.
ღონისძიებაზე საქართველოს ინვესტიციების სააგენტოსა და ჩინურ კომპანიას JD.com-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაცია, საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოება და JD.com-ის პლატფორმის მეშვეობით ჩინელ მომხმარებლებთან წვდომის გაზრდა.
საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში უკვე მეცხრედ მონაწილეობს. წელს ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ქვეყანა 37 ქართული კომპანიითა და სამი თემატური პავილიონით არის წარმოდგენილი. გამოფენა შანხაიში 5-10 ნოემბერს იმართება.