ევროპარლამენტი ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების შესახებ გუშინ მიღებული რეზოლუციის ბოლო ვარიანტს აქვეყნებს.
დოკუმენტის იმ ნაწილში, სადაც კონკრეტულად საქართველოზეა საუბარი, ევროპარლამენტი რუსთავი 2-ის საქმეზე შეშფოთებას გამოთქვამს. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს მედიაპლურალიზმი, სარედაქციო დამოუკიდებლობა და გამჭვირვალე მედიამფლობელობის გარანტია, განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
აქვე საუბარია სასამართლოს გამჭვირვალე მუშაობაზეც, რომელიც არ უნდა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული. ევროპელი დეპუტატები შეშფოთებული არიან „პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობისა და იმ ბუნდოვანი კრიტერიუმებით, რის მიხედვითაც პროკურორები და გამომძიებლები ინიშნებიან“.
ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გაგრძელდეს მცდელობები, რომ სასამართლო, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ახლად ჩამოყალიბებული უსაფრთხოების სამსახური, იყოს დამოუკიდებელი, ეფექტური, მიუკერძოებელი და პროფესიონალური.
რეზოლუციაში ასევე გამოხატულია შეშფოთება წინასწარი დაკავების მექანიზმის გამოყენების გამო, პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების წინააღმდეგ, რაც მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს შეიძლება იყოს გამოყენებული.
ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებისკენ და ოპოზიციის წამრმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი ფაქტების გამჭვირვალედ გამოძიებისკენაც მოუწოდებს.