12 ნოემბერი 2026,   08:40
ვრცლად
ჩვენთვის საინტერესო იქნება მოვისმინოთ სასამართლოს მხრიდან დასმული კითხვები იმ პარტიების მიმართ, რომელთა არაკონსტიტუციურობის საკითხია დამდგარი, ისინი ვალდებული იქნებიან სამართლებრივად უპასუხონ სასამართლოს - გიორგი კახიანი

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე "ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა გრძელდება. საქმის არსებითი განხილვის მე-11 სხდომა რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს. სხდომა ამჯერადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაივლის.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, საინტერესო იქნება მოპასუხის მისამართით სასამართლოს მხრიდან დასმული კითხვების და მათი არგუმენტების მოსმენა. 

"დღეს, ჩვენთვის საინტერესო იქნება მოვისმინოთ სასამართლოს მხრიდან დასმული კითხვები მოპასუხის მიმართ, ანუ პარტიების მიმართ, რომელთა არაკონსტიტუციურობის საკითხი არის დამდგარი, ისინი ვალდებული იქნებიან სამართლებრივად უპასუხონ სასამართლოს კითხვებს და საინტერესო იქნება ჩვენთვის მოვისმინოთ, რა პოზიციები აქვთ, იმიტომ, რომ რეალურად ჩვენი პოზიციები არის იმდენად მყარი სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ მათ კონტრარგუმენტები ფაქტობრივად ვერ ექნებათ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს და ამის მიზეზად კონკრეტული პარტიების მიერ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს, რევოლუციური სცენარების ორგანიზებასა და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ასახელებს.

დღის ამბები