12 ნოემბერი 2026,   11:58
ვრცლად
პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში, რომელიც სწორედ ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9-ე სამიტში მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე დღეს დუბლინში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, პლენარული სესიის გახსნას დაესწრება. მთავრობის მეთაური მრგვალი მაგიდის ფორმატში ასევე მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.

ირლანდიაში ჩასულები არიან კონტინენტის 50-მდე სახელმწიფოს ლიდერები. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, სადაც ევროპის ქვეყნების ლიდერებს შესაძლებლობა აქვთ დიალოგი პირისპირ აწარმოონ.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძე სამიტის ფარგლებში ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე გამართულ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. მისივე თქმით, საქართველო უერთდება საფრანგეთისა და იტალიის ინიციატივით შექმნილ კოალიციას, რომელიც ევროპაში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაზე მუშაობს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში, რომელიც სწორედ ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება და ასევე, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში უკვე ტრადიციად იქცა ნარკოტიკებისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვა, რომელიც გახლავთ საფრანგეთისა და იტალიის ერთობლივი ინიციატივა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ საქართველოს აქვს კარგი პროგრესი სწორედ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და ჩვენც, რა თქმა უნდა, ვუერთდებით იმ კოალიციას, რომელიც მუშაობს ევროპის მასშტაბით სწორედ ამ საკითხებზე", - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები