საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლანჭოუს უნივერსიტეტში (Lanzhou University – LZU) საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
მინისტრმა საქართველოსა და ჩინეთს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს განათლების სისტემის თავისებურებებს და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებსაც საქართველო ჩინურ მხარესთან ერთად ახორციელებს.
ლექცია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ და საქართველოს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.
ლექციის შემდეგ გივი მიქანაძე ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლანჭოუს უნივერსიტეტში სწავლობენ. მინისტრმა სტუდენტებისგან ინფორმაცია მიიღო სასწავლო გარემოს, აკადემიური პროცესისა და უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ, ასევე გაეცნო მათ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს.
როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე აღნიშნავს, წამოაყენეს ინიციატივა ლანჭოუს უნივერსიტეტში გაიხსნას ქართველოლოგიის ცენტრი, ამასთან შემდეგი ზაფხულიდან დაიგეგმა ერთობლივი საზაფხულო სკოლები თემატური მიმართულების სტუდენტებისთვის:
"დავიგეგმეთ, რომ შემდეგი ზაფხულიდან ერთობლივ საზაფხულო სკოლებს გავაკეთებთ თემატური მიმართულების სტუდენტებისთვის, გვექნება გაცვლითი პროგრამები და ასევე წამოვაყენეთ ინიციატივა, რომ 2027 წელს ლანჭოუს უნივერსიტეტში, რომელშიც 45 000-მდე სტუდენტი სწავლობს, გაიხსნას ქართველოლოგიის ცენტრი. მომეცა შესაძლებლობა, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ჩამეტარებინა საჯარო ლექცია საქართველოსა და ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და ხალხებს შორის ურთიერთობების თვალსაზრისით.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რაოდენ დიდია ჩინური მხარის ინტერესი და მხარდაჭერა ამ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში", - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.