დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად ძალადობის საქმეზე ხუთ ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების მკაცრი ფორმა შეეფარდათ - სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ავთანდილ ბილანიშვილის ("კაწრო") ადვოკატი საქმის დეტალებზე არ საუბრობს.
"ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა დღეს შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიებას ითხოვდა დაცვის მხარე, რა თქმა უნდა, არ დავეთანხმეთ. თავიდანვე განვაცხადე, რომ გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი," - განაცხადა ადვოკატმა, თამარ აბესაძემ.
ვატო ყიფიანის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განმარტებით კი, ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და ამ საკითხზე განმარტებებს სასამართლოზე გააკეთებენ.
"არც ერთი მათგანი მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ, მაგრამ კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია არ მიუწვდიათ გამოძიებისთვის და რომც მოეწოდებინათ ამას, ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებდით. სასამართლო გამოძიების დროს, ისინი თავად მოახსენებენ სასამართლოს მათი პოზიციის შესახებ", - განაცხადა ადვოკატმა.
პროკურატურამ ბრალი გუშინ სულ შვიდ პირს წარუდგინა, მათ შორის პენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ ხელმძღვანელებს, რომელთა საქმეებსაც სასამართლო ცალკე განიხილავს. ბრალდება დაუმძიმდათ პატიმრებს - ვატო და შოთა ყიფიანებს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.