20 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს

საქართველოს გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს. თოვის, ძლიერი ყინვის და ლიპყინულის გამო აკრძალვები ყაზბეგის, სვანეთის და ჯავახეთის მიმართულებებზეა დაწესებული. 

ამის შესახებ ინფორმაციას  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

თოვის, ძლიერი ყინვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო სხვა სახის ავტოტრანსპორტისთვის დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმი: გუდაური-კობის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. 

მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს საავტომობილო გზების კიდევ 2 მონაკვეთზე: თოვლის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ188 მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ99 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დღის ამბები