იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ პოლიტიკურ პარტნიორებს იმის დასამტკიცებლად, რომ "კარგი გოგო-ბიჭები" და მათი ერთგული მხარდამჭერები არიან, მზად არიან, მათ მიერ წაყენებულ მოთხოვნებსა და დოკუმენტებს წაუკითხავადაც დაეთანხმონ და ხელი მოაწერონ. მისი თქმით, მათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობაც კი არ აქვთ.
გორდულაძე გამოეხმაურა ხატია დეკანოიძის განცხადებას ვეტინგთან დაკავშირებით. დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიცია არ აპირებდა პროცესში უცხოელების ჩართვას, მისი თქმით მათ ქართველ იურისტებზე ჰქონდათ აქცენტი.
"საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ ადამიანი, რომელიც პლენუმის წინაშე, დარბაზში შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლეებს და არ ემორჩილება მათ მოთხოვნებს, გარეთ რომ გამოვა, იგივე გააგრძელოს. ისევ და ისევ - ნაცი თავის ბუნებას არასდროს იცვლის, მიუხედავად იმისა, რომ ხან იტყვის რომ ნაცმოძრაობის წევრია და ხანაც იტყვის, რომ არაა.
მათ შორის, ქალბატონი ხატია დეკანოიძე ახლა შეეწინააღმდეგა ევროკომისიის ანგარიშს, სადაც შავით თეთრზეა მითითებული, რომ ვეტინგი უნდა იყოს გამოყენებული საქართველოში და გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ახლა გამოვიდეს ქალბატონი ხატია და თქვას, იტყუება თუ არა, ან ეთანხმება თუ არა კომისიის გადაწყვეტილებას. ამაზე არც კი გვიმსჯელიაო.
გუშინ მაგალითად, იმასაც ამტკიცებდნენ, ქარტიას ისე მოვაწერეთ ხელი წაკითხულიც არ გვაქვსო, საერთოდ, პრინციპულ საკითხებზე არ გვიმსჯელიაო. ანუ მსჯელობისა და წაკითხვის გარეშე წარდგნენ საზოგადოების წინაშე და ქართველ ხალხს ეუბნებოდნენ მხარი დაგვიჭირეთო. არა, ისინი ქართველ ხალხს კი არ ელაპარაკებიან, არამედ ამ ქარტიაზე ხელი რომ მოაწერეს, თავიანთ პატრონებს უთხრეს, რომ კარგი გოგო-ბიჭები ვართ, კარგი აგენტები ვართ და თქვენს ნებისმიერ ნათქვამს წაუკითხავადაც მოვაწერთ ხელსო. მათ სასვენი ნიშნების შეცვლის უფლებაც კი არ აქვთ და ეს წარსულშიც გვაქვს ნანახი“, - აღნიშნა გორდულაძემ.