მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოსთვის დამატებით გამოყოფილი, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარით საპატრიარქოს სასწავლებლების სახელფასო დავალიანება დაიფარა.
ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გიორგი კვირიკაშვილის მიერ საპატრიარქოსთვის გადარიცხული თანხის ხარჯვის საკითხით ბიზნესკურიერი დაინტერესდა.
აღმოჩნდა, რომ ამ ფულით სახელფასო დავალიანება დაიფარა, არადა საპატრიარქოს სასწავლებლები, საჯარო სკოლების მსგავსად, ყოველ მოსწავლეზე ვაუჩერსაც იღებენ და კიდევ დამატებით სწავლის საფასურსაც მშობლებისგან. გარდა ამისა, საპატრიარქოს საბიუჯეტო დაფინანსებაც აქვთ, რომელიც, საპატრიარქოს განცხადებით, განათლებასაც ხმარდება.
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ახლადდანიშნული პრემიერ კვირიკაშვილის მიერ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი 450 ათასი ლარი ასე გადანაწილდა: თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონმა 240 ათასი ლარი მიიღო, სვიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრმა - 150 ათასი, მცხეთის წმინდა ათორმეტი მოციქულის სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლამ - 40 ათასი, წმინდა ნინოს სახელობის ოზურგეთის სამრევლო სკოლამ - 10 ათასი. 5-5 ათასით დაფინანსდა ჩოხატაურის სამრევლო სკოლა და ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზია.
დაფინანსებული სკოლების უმეტესობა კომენტარს არ აკეთებს. თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელობა კი, რომელმაც მთლიანი თანხის ნახევარზე მეტი მიიღო, ამბობს, რომ სკოლა უფრო მეტი თანხით უნდა ფინანსდებოდეს და მათთვის გაუგებარია, რატომ ტყდება ამაზე აჟიოტაჟი.
არასამთავრობო სექტორი კი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი შესასწავლია.