უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციას გამოძიებაში ჩარევაში, საგამოძიებო რეესტრიდან ჩანაწერების წაშლასა და საქმის დახურვის მოთხოვნაში ადანაშაულებს.
foxnews-თან ინტერვიუში რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისი პროკურატურისგან ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის წინააღმდეგ წარმოებული საქმის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვდა. მისივე თქმით, სექტემბერში თანამდებობის დატოვება მას პირადად ზელენსკიმ აიძულა.
"გადადგომის შესახებ განცხადებას ხელი მე მოვაწერე, გადაწყვეტილება კი მისი იყო. პრეზიდენტისთვის ხელბორკილების დადება არ არის საჭირო იმისთვის, რომ მას ხელები შეუკრა, საკმარისია საფრთხე შეუქმნა იმ ადამიანებს, რომლებსაც ის ეყრდნობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გენერალურ პროკურატურას დაუწყო მითითებების მიცემა, რომ დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ სისხლის სამართლის საქმე NABU-ს ხელმძღვანელის წინააღმდეგ. ჩემი შეფასებით, ეს გამოძიებაში მიზანმიმართულ ჩარევას წარმოადგენს. პრეზიდენტს თქვენი გადადგომა როცა სურს და მის გვერდით ზის მისი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, დამიჯერეთ, გენერალურ პროკურორს მანევრირებისთვის უკიდურესად შეზღუდული სივრცე რჩება. ამ გენერალური პროკურორისთვის ერთადერთი გზა არსებობს - ეს თანამდებობიდან გათავისუფლებაა", - აცხადებს რუსლან კრავჩენკო.
თავის მხრივ, ანტიკორუფციული ორგანოები კრავჩენკოს ყოფილი უწყების მაღალჩინოსნებს თაღლითური ქოლცენტრების მფარველობასა და ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს, რასაც ექსპროკურორი უარყოფს. ზელენსკის ადმინისტრაციაში ახალ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.