"მურუსიძე გადადექი"-ამ შინაარსის პლაკატებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია სიმბოლურად სანდრო გირგვლიანის მკვლელობის 10 წლისთავს დაამთხვიეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მოსამართლე ლევან მურუსიძის გადადგომა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ შემადგენლობის დაშლა მოითხოვეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ისინი იუსტიციის საბჭოს რეფორმირების კანონპროექტს პარლამენტს წარუდგნენ.
„მოხდა დაკანონება იმგვარი სასამართლოს, რომელზეც უარი თქვა ქართულმა საზოგადოებამ 2012 წლის არჩევნებზე,“ - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
აქციის მონაწილეებმა დღესვე საბჭოს იმ წევრების სახლებთანაც დააანონსეს საპროტესტო აქციები, ვინც ლევან მურუსიძის მოსამართლედ ხელახლა არჩევას მხარი დაუჭირა.
„სიმბოლურია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის 10 წლისთავზე რომ ვიკრიბებით ლევან მურუსიძის სახლთან,“ - აღნიშნა ბეჟან გუნავამ.