ირანთან უვიზო მიმოსვლა ისევ ძალაშია. ვიზიტორები საქართველოში შემოსვლას გამარტივებული რეჟიმით უკვე კვირის ბოლოდან შეძლებენ.
3 წლის წინ მთავრობამ ახალი რეგულაციების დაწესება კონკრეტული საფრთხეებით ახსნა. თუმცა, დღეს მმართველი კოალიციის წევრები ირანს, როგორც მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორს, ისე განიხილავენ.
როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას წინ მთავრობის მეთაურისა და ირანის პრეზიდენტის საუბარი უძღოდა.
3 წლის შემდეგ ირანთან უვიზო მიმოსვლის აღდგენის მიზეზებზე დღეს იუსტიციის მინისტრს განმარტება არ გაუკეთებია. თეა წულუკიანის უწყება ერთ-ერთია, რომელმაც სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად 2013 წელს ირანის მოქალაქეებს უვიზოდ შემოსვლა შეუზღუდა.
საქართველოში ვიზის გარეშე შემოსვლა მათ 15 თებერვლიდან შეეძლებათ. გადაწყვტილების მიზეზები დღეს მთავრობის სხვა წევრებმა განმარტეს.
საქართველოს ირანთან უვიზო რეჟიმი 2010 წლიდან აქვს, თუმცა 2013 წელს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეს შეთანხმება შეჩერდა. მას შემდეგ, რაც 2013 წელს ირანის მოქალაქეებს უვიზოდ შემოსვლა შეეზღუდათ, საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა შემცირდა. ირანიდან საქართველოს 2012 წელს 90 ათასამდე ვიზიტორი ჰყავდა. 2015 წელს კი ეს რიცხვი 25 ათასამდე შემცირდა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის 2013 წელს ირანში უვიზოდ შესვლა არ შეზღუდულა. ორმხრივი უვიზო რეჟიმი კი ქვეყნებს შორის 5 დღეში ამოქმედდება.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე